პოლიტიკა
ჩვენ ვაჩვენეთ რამდენის მიცემა შეგვიძლია ევროპისა და მსოფლიოს საერთო უსაფრთხოებისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს საგანგებო სხდომის მონაწილეებს მიმართა. ზელენსკიმ თქვა, რომ აქვს განცდა, უკრაინა დასავლეთსა და რუსეთს შორის "ნაცრისფერ ზონაში" იმყოფება. ზელენსკიმ მოუწოდა ნატოს წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა.

„დიახ, ეს მართალია, რომ ჩვენ არ ვართ ალიანსში, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ თავდაცვით გაერთიანებაში, არცერთ იმ 30 ქვეყანას შორის, რომლებიც საერთო დაცვის ქოლგის, მე-5 მუხლის ქოლგის ქვეშაა, ისეთი გრძნობაა, თითქოს ჩვენ ნაცრისფერ ზონაში ვართ - დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ თქვენთან ერთად ყველა ჩვენს საერთო ღირებულებას ვიცავთ.“

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის თავზე ცის დახურვის თხოვნით არაერთხელ მიმართა ნატოს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

„ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად გასაგები, ლოგიკური თხოვნით, დაგვხმარებოდით ჩვენი ცის დახურვაში - ნებისმიერ ფორმატში დაგეცვათ ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან.. ჩვენ ნათელი პასუხი არ მოგვისმენია. უკრაინას არ აქვს ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი,რუსეთთან შედარებით მისი ავიაცია გაცილებით მცირეა, ამიტომ მათი უპირატესობა ცაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაა“.

ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ნატოში ესმით რუსეთი არ გაჩერდება და მეტად შორს წავა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ წევრების მიმართულებით - ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის მიმართულებით.

„თქვენ შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავების 1%, თქვენი ტანკების 1%, ერთი პროცენტი. ჩვენ ამის ყიდვა, უბრალოდ, არ შეგვიძლია, ამ იარაღის უკრაინისთვის მიწოდება ნატოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“.

ამასთან, ზელენსკიმ ნატოს მოუწოდა, აღარასოდეს გაუმეორონ, რომ უკრაინის არმია ნატოს სტანდარტებს არ შეესაბამება.

„გთხოვთ, არასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია არ შეესაბამება ნატოს სტანდარტებს, რადგან ჩვენ ვაჩვენეთ ,რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს და რამდენის მიცემა შეგვიძლია ევროპისა და მსოფლიოს საერთო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა
| Print |
FaceBook Twitter Google