პოლიტიკა
რუსეთი უარს ამბობს უკრაინაში სააღდგომო ოთხდღიან ცეცხლის შეწყვეტის შემოთავაზებაზე
რუსეთმა უარყო გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის) გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შეთავაზება, რომ რუსეთს აღდგომის დღეებში, ოთხი დღის განმავლობაში, სამხედრო მოქმედებები შეეწყვიტა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინული მედია „უკრინფორმ“ ავრცელებს.

გუტერეშის თქმით, „ჰუმანიტარული დუმილი“ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანისთვისა და დაზარალებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვისაა საჭირო.

ამის შესახებ  გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ ტვიტერზე დაწერა.

„ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა (რუსეთს) 21 აპრილიდან სააღდგომო ჰუმანიტარული დუმილისკენ იმისთვის, რომ მოეწყოს ჰუმანიტარული დერეფნები და მოხდეს სამოქალაქო პირების ევაკუაცია. მოსკოვის ფიურერის პოზიცია უკვე რამდენიმე საათის შემდეგ გაჟღერდა უსაფრთხოების საბჭოზე. თქვენც მომისმინეთ! მხოლოდ მე ხომ არ უნდა მოვითმინო ეს რეგულარულად“,- წერს კისლიცა.

გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ ცეცხლის შეწყვეტის შემოთავაზებას „ფსევდოსამშვიდობო, ცრუ და არაგულწრფელი“ უწოდა. მისი შეფასებით, ეს უკრაინას მხოლოდ „ამოსუნთქვის“ საშუალებას მისცემს, რათა იარაღი მოიმარაგოს.
| Print |
FaceBook Twitter Google