პოლიტიკა
საქართველომ უკრაინისთვის 7 მილიონი დოლარი გამოყო
საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციას - „უკრაინისთვის“ ესწრებოდა. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ უკრაინისთვის 7 მილიონი დოლარი გამოყო და ასევე განაგრძობს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალებული, საქართველოში ამჟამად მცხოვრები 28 ათასი უკრაინელის დახმარებას.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 სახელმწიფოს შორის.

„ჩვენი ხელისუფლება დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან, რა მიზნითაც უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნველვყოფთ ცხელ ხაზს, დაბინავებას, აუცილებელ პროდუქტებს, ტანსაცმელს, საკვებს, სამედიცინო მომსახურებას, ასევე სკოლებისა და ბაღების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას, რისთვისაც 2022 წლის ბოლომდე დამატებით გამოვყოფთ კიდევ 7 მილიონ დოლარს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა საზოგადოების ერთიანი მხარდაჭერის აუცილებლობას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც რუსეთი უშუალოდ ემუქრება.

„კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი მხარდაჭერის აუცილებლობას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც რუსეთი უშუალოდ ემუქრება. ვუსურვებ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერის თქმით, საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას.

„ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში", - თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო უკრაინაში რუსეთის აგრესია.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის უხეშ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს და ნორმებს, წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს ჩაუყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ", - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
| Print |
FaceBook Twitter Google