პოლიტიკა
ზაპოროჟიე ყოველთვის იყო რუსეთის ისტორიული ტერიტორია - ვლადიმირ როგოვი
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, მოსკოვის მიერ დანიშნული „სამხედრო-სამოქალაქო“ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ვლადიმირ როგოვმა ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განზრახვაზე ერთ-ერთ რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან ისაუბრა.

როგოვი „რია-ნოვოსტთან“ საუბარში ამბობს, რომ „ზაპოროჟიე ყოველთვის იყო რუსეთის ისტორიული ტერიტორია“, ამიტომაც იგი მიიჩნევს, რომ უკრაინულ მხარესთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკება გამორიცხულია.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს მოსახლეობა „აბსოლუტურად რუსული მენტალობისაა“, ამიტომაც ადაპტაციას, სულ რამდენიმე თვე დასჭირდება.

როგოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან შეერთების გზები მას შემდე გახდება ცნობილი, რაც ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ზაპოროჟიეს „უკრაინელი ნაციონალისტებისაგან“ გაათავისუფლებენ.

ამ დროისთვის ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილს რუსული არმია აკონტროლებს, თუმცა ქალაქი ზაპოროჟიე უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.

ზაპოროჟიე, ბოლო ორ კვირაში, უკვე მეორე ოლქია, რომელშიც რუსეთის მიერ დანიშნულმა „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამ“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განზრახვა გამოაცხადა.

11 მაისს ხერსონის ოლქის რუსეთთან შეერთებაზე, კირილ სტრემოუსოვმა ისაუბრა, რა დროსაც მან მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა.

კირილ სტერემოუსოვის განცხადებას პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ხერსონის ოლქის რუსეთის შემადგენლობაში მიღების საკითხი „ოლქის მცხოვრებთა გადასაწყვეტია“, ამასთან ამ პროცესს „გამოხატული იურიდიული დასაბუთება“ დასჭირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google