პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის მკვიდრი ქართულ სპეცსამსახურებს ინფომრაციას აწვდიდა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში გამოავლინეს ადგილობრივი, რომელიც ქართულ სპეცსამსახურებთან სტაბილურ კონტაქტზე იყო.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

"გამოვლენილია ქალაქ ცხინვალის მკვიდრი, რომელიც სტაბილურ კონტაქტს ინარჩუნებდა საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან, რომელთა დავალებით აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკის ტერიტორიაზე განვითარებული ვითარების შესახებ.

დადგენილია, რომ საგარეო დაზვერვის სამსახური სამხრეთ ოსეთის მოქალაქეს თანამშრომლობას ზეწოლის ქვეშ აიძულებდა, ამ უკანასკნელის საქართველოს ტერიტორიაზე სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მუქარით", - ვკითხულობთ დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, რადგან პირის მიერ ქართული მხარისთვის გადაცემული მასალები "სახელმწიფო საიდუმლოებას" არ წარმოადგენს და "რესპუბლიკის" უსაფრთხოებას არ აზიანებს, კომიტეტმა ის ქმედებების განმეორების დაუშვებლობის შესახებ გააფრთხილა.

ცნობისთვის, ცხინვალის ე.წ. კანონმდებლობით, სახელმწიფოს ღალატი და ჯაშუშობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად ითვლება და თავისუფლების 12-დან 20 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google