პოლიტიკა
ულტიმატუმს ვერ დავთანხმდებით - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს ტერიტორიების დათმობას რუსეთისთვის.

„ჩვენი ტერიტორიები ჩვენია - ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა“, - ამბობს ზელენსკი Newsmax-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გარკვეულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებობს სირთულეები.
"ზოგიერთ ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებობს სირთულეები, არის გარკვეული დეტალები, თუმცა ყველა ამ სირთულის განხილვა შეიძლება და ეს დისკუსია საჭირო იქნება ომის შესაჩერებლად," - ამბობს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა არ მიიღებს ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებულ არც ერთ ულტიმატუმს.

„თუ ეს იქნება ულტიმატუმი - უნდა დათმოთ თქვენი ტერიტორიის მესამედი და დაგტოვებთ ცოცხალებს და იქნება მშვიდობა“ - ამას ვერ დავთანხმდებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდება არა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის, არამედ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის დასაცავადაა გამიზნული.
"ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანი შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლში ამბობს, რომ შესაძლოა ჩვენ ეს იარაღი რუსეთზე თავდასხმისთვის გამოვიყენოთ.

ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთზე თავდასხმას. ჩვენ არ გვაინტერესებს რუსეთის ფედერაცია, ჩვენ არ ვიბრძვით მათ ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს ომი ჩვენს მიწაზე. ისინი შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვსურს ჩვენი ქალაქების განბლოკვა. ამ მიზნით გვჭირდება საბრძოლო მასალა, რომელიც 100 კილომეტრ მანძილზე აღწევს,“- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკი ხაზს უსვამს იმასაც, რომ უკრაინა დგას, როგორც მსოფლიოს „თავდაცვითი პერიმეტრი“ რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.
| Print |
FaceBook Twitter Google