პოლიტიკა
ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას
ევროპის პარლამენტი ერთობლივი განცხადების პროექტით მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებას.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლება, კორესპონდენტზე დაყრდნობით, ავრცელებს.

"პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნებისა და მთავრობების ლიდერებს, რომლებიც ორ კვირაში, ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა გადაწყვეტილება მიიღონ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს განაცხადებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა, გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის მსხვერპლია - თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან - ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

ამ ეტაპზე, ზემოაღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ერთობლივი განცხადების პროექტს, რომელიც, შესაძლოა, ცვლილებებს დაექვემდებაროს.
| Print |
FaceBook Twitter Google