პოლიტიკა
რუსეთი და ბელარუსი ბოლონიის პროცესიდან გარიცხეს
რუსეთისა და ბელარუსის საგანმანათლებლო ორგანიზაციები ბოლონიის პროცესიდან გარიცხეს. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ის გახდა, რომ რუსი რექტორების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციას“.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამის შესახებ რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დიმიტრი აფანასიევმა ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ, 11 აპრილს გამოცხადდა.

„მე ვიტყოდი, რომ ბოლონიის სისტემა გავიდა ჩვენგან და არა ჩვენ მისგან.“ - ამბობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.

ცნობისთვის, რუსეთი 2003 წლიდან მონაწილეობს ბოლონიის პროცესში, რომელიც ითვალისწინებს განათლების ორდონიან სისტემას: ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ჩართვა ბოლონიის პროცესში აქამდეც განხილვის საგანი იყო, მდგომარეობა გაცილებით დაიძაბა რუსეთის უკრაინაში შეჭრის, 24 თებერვლის, შემდეგ.

24 მაისს რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა, ვალერი ფალკმა განაცხადა, რომ რუსეთი აქამდეც გეგმავდა ბოლონიის განათლების სისტემაზე უარის თქმასა და საკუთარი სისტემის შექმნას.

1 ივნისს რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმაღლეს სასწავლებლებს გაუგზავნა რეკომენდაცია, არ მიიღონ მონაწილეობა სტუდენტთა გაცვლით პროგრამა Erasmus+-ში, რომლითაც რუსი სტუდენტები ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში ფინანსდებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google