პოლიტიკა
რუსი ოკუპანტები უშედეგოდ ცდილობენ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარებას
გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები უშედეგოდ ცდილობენ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარებას.

ამასთან, უკრაინის არმიის სარდლობა აღიარებს, რომ რუსმა სამხედროებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს ბახმუტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებული პუნქტების, ვოზდვიჟენკას და როტის მიმართულებით.

მათივე თქმით, ბახმუტის რაიონში, სადაც რუსეთის არმია ავიაციასაც იყენებს, ორი სხვა მიმართულებით მოწინააღმდეგეს უკან დაახევინეს.

დანაკარგების გამო, რუსეთის არმიის პირველი კორპუსის მოტომსროლელთა ქვედანაყოფმა სრული შემადგენლობით უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე.

გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებებით მოგერიებულია მოწინააღმდეგის 7 შეტევა, განადგურებულია 10 ტანკი, 7 საარტილერიო სისტემა, 4 საბრძოლო ჯავშანმანქანა და საბრძოლო მასალების საწყობი.



| Print |
FaceBook Twitter Google