პოლიტიკა
მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვა ომის დანაშაულად ცნეს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის გამოძიების დასკვნით, რუსმა ოკუპანტებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს დრამატული
თეატრი, მათ საბრძოლო თვითმფრინავიდან ორი 500-კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდეს.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, დასკვნაზე მუშაობისას, საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა 53 თვითმხილველი გამოჰკითხეს.

"რამდენიმე თვის საფუძვლიანი გამოძიების, სატელიტური სურათების ანალიზისა და ათობით თვითმხილველთან გასაუბრების შემდეგ, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს თავდასხმა ცალსახა ომის დანაშაულია და ის რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს", - თქვა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა ანეს კალამარმა.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრში 600-მდე ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.

Associated Press-ის ცნობით, ორმა გადარჩენილმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა, როგორც ეს ქალაქის ხელისუფლების მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ცნობაში იყო ნათქვამი. მაგრამ მარიუპოლის პოლიციისა და "წითელი ჯვრის" წარმომადგენლების ვარაუდით, დაბომბვის შედეგად სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა.




| Print |
FaceBook Twitter Google