პოლიტიკა
უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესა
დღეიდან, პირველი ივლისიდან, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში შესვლა მხოლოდ ვიზით შეეძლებათ.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, BBC -ი ავრცელებს.

რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება 17 ივნისს დაანონსდა და დღეიდან შევიდა ძალაში.

“ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უპრეცედენტო საფრთხეების არსებობის გამო, მინისტრთა კაბინეტს შევთავაზე, რომ გადახედოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლის რეჟიმს “, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებაზე ტელეგრამ-არხზე დაწერა.

„[უკრაინის] უსაფრთხოება დღეს ყველაზე პრიორიტეტულია ჩვენთვის. სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, რომელიც რუსეთმა წამოიწყო, აუცილებელია უკრაინაში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლისთვის არსებული რეჟიმის კონტროლის გაძლიერება. ამასთან, არსებობს მოთხოვნა მთავრობისა და საზოგადოების მხრიდან, რაც მეტად მნიშვნელოვანია,“ - წერს ერმაკი თავის ტელეგრამ არხზე.

უკრაინასა და რუსეთს შორის უვიზო რეჟიმი ყირიმის ანექსიისა და დონბმასში დაწყებული კონფლიქტის შემდეგაც კი ძალაში რჩებოდა. რუსეთის მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ უკრაინის ტერიტორიაზე 90-დან 180 დღემდე დარჩენილიყვნენ. ქვეყანაში შესვლა შესაძლებელი იყო პასპორტით.

2014 წლიდან უკრაინელი პოლიტიკოსები წინ სწევდნენ რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხს. 2016 წელს უკრაინის რადას წარედგინა შესაბამისი კანონპროექტიც, თუმცა საქმე ხმის მიცემამდე არ მისულა.

რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების იდეის ოპონენტები აღნიშნავდნენ, რომ ეს შესაძლოა გამხდარიყო საპასუხო ნაბიჯის მიზეზი - რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება (მათ, შორის უკრაინელი მიგრანტებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ მიემგზავრებოდნენ). ამ არგუმენტმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ძალა საბოლოოდ დაკარგა.

ელექტრონული პეტიცია „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შექმნა“ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2022 წლის 11 თებერვალს აიტვირთა. მას შემდეგ, რაც პეტიციამ 25 ათასზე მეტი ხმა მოაგროვა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას მხარი დაუჭირა.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის, სერჰი დეინეკოს განცხადებით, დღეიდან რუსეთის მოქალაქეებს მოუწევთ უკრაინაში ჩასვლის მიზნების წინასწარ დასაბუთება, თუმცა, ვიზის მიღებაც არ არის ქვეყნის ტერიტორიაზე შეუფერხებლად შესვლის გარანტია. დეინეკოს განმარტებით, არსებობს საზღვრის გადაკვეთის სხვა პირობებიც, რომელთა შესრულებას უკრაინელი მესაზღვრეები შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში, ვიზას ადგილზევე გააუქმებენ.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ, 2022 წლის 17 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ. მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული უპრეცედენტო საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, 1 ივლისიდან, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ამოქმედდება.

მაისის ბოლოს, უკრაინის მოქალაქეთა ჯგუფმა პრეზიდენტის სახელზე მოამზადა პეტიცია, რუსეთთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების მოთხოვნით. უკრაინასა და რუსეთს შორის უვიზო რეჟიმი 1997 წლიდან მოქმედებდა.


| Print |
FaceBook Twitter Google