პოლიტიკა
ოპოზიცია ევროკავშირის დოკუმენტს პოლარიზაციის გასაღრმავებლად იყენებს-შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილმა და გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აიღეს ევროკომისიის დოკუმენტი და იყენებენ პოლარიზაციის გაღრმავებისთვის.
მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდეს და შესაბამისად, მათ უკვე განსაზღვრული აქვთ გრაფიკი, თუ როდის, რა კანონი უნდა ინიცირდეს და ა.შ.

"მე ცოტა არ იყოს მიკვირს, რომ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ეს რეკომენდაციები განსაზღვრა, რეკომენდაციები, რომლის პირველი პუნქტიც არის პოლარიზაციის შემცირება - პირველი, რაც გააკეთა ოპოზიციის ნაწილმა და გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აიღეს ეს დოკუმენტი და იყენებენ პოლარიზაციის გაღრმავებისთვის.

ასე უკუღმა გაგება ევროპელობის, საქართველოს ევროპული მისწრაფების, ევროკავშირის ჩვენთან დამოკიდებულების აჩვენებს, რომ ამის უკან შეიძლება ერთადერთი რამ იყოს, რომ რამენაირად მთლიანად პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც უკავშირდება ამ რეკომენდაციების შესრულებას.

რაც შეეხება 12 მიმართულებას, შინაარსი განსაზღვრულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს, ამიტომ ჩვენ განვსაზღვრეთ საკმაოდ ცხადი და კონკრეტული გრაფიკი, კონკრეტული თვეების მითითებით, როდის მოხდება ინიცირება, როდის მოხდება მიღება კანონის და რას ვხედავთ ჩვენ ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც ბოლო პერიოდი ღიად პარტიულ პოლიტიკას ახორციელებს.

ჩვენ ვთავაზობთ მათ ინკლუზიურ პროცესს, რომ შევხედოთ რა საკითხებზე შეიძლება შეთანხმება, ისინი გვთავაზობენ ულტიმატუმების პროცესს, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს უკვე შინაარსში განსაზღვრული კანონპროექტი თუ იდეა, რომელიც პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს, ანუ შეთანხმებას კი არ გვთავაზობენ დათანხმებას გვთავაზობენ, რაც არის ულტიმატუმებით საუბარი და ეწინააღმდეგება მთლიანად არსს, მათ შორის, ამ რეკომენდაციების, რომ იყოს ინკლუზიური პროცესი და პოლარიზაციის შემცირების მცდელობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, "ქართულ პოლიტიკაში რიტორიკა არის ერთ-ერთი მაპოლარიზებელი ფაქტორი და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკამ განსაზღვროს რიტორიკა და არა რიტორიკამ პოლიტიკა."

| Print |
FaceBook Twitter Google