პოლიტიკა
საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა - კარლ ჰარცელი მოსახლეობას ემშვიდობება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქვეყანაში გატარებული ოთხი წლის შემდეგ ტოვებს თანამდებობას და თავის მეუღლესთან, მეტე ჰარცელთან ერთად მოქალაქეებს ვიდეომიმართვით ემშვიდობება.

კარლ ჰარცელი ვიდეომიმართვაში ხაზს უსვამს საქართველოს ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას.

"დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი. საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის....

თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე", - ამბობს კარლ ჰარცელი.

ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველო ოდითგანვე ევროპული სახელმწიფო იყო და ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა „მომავალ პოტენციურ წევრად“ ოფიციალურად აღიარა, მეტად მნიშვნელოვანია.

"თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა.

მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეთ, უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში", - განაცხადა ჰარცელმა.
| Print |
FaceBook Twitter Google