პოლიტიკა
ანდრეი კასიანოვი: გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უფრო ეფექტიანად დაეხმარებოდა უკრაინას
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი დღეს, 21 ივლისს, საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. კასიანოვმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, რა დროსაც აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოსგან მეტ დახმარებას ელოდა.

კასიანოვმა გაიხსენა, როგორ „ძმურად ედგა გვერდში“ უკრაინა საქართველოს 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომის დროს, სადაც უკრაინელი მოხალისეები იბრძოდნენ უდანაშაულო ქართველების სიცოცხლის გადასარჩენად. მან ასევე ხაზი გაუსვა 2008 წლის ომის დროს უკრაინის მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ სამხედრო მხარდაჭერას.

„დღეს, როდესაც რუსეთმა ომი დაიწყო მშვიდობიან უკრანულ მიწაზე, გვქონდა მოლოდინი, საქართველო მიბაძავდა უკრაინას და უფრო ეფექტიან დახმარებას გაუწევდა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და სამწუხაროდ, არ დაემთხვა ჩვენი წარმოდგენა იმაზე, რა არის სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ძმური ურთიერთობის გამოცდილება გვაძლევს აბსოლუტურ რწმენას, რომ უკრაინა და საქართველო მეგობარ ქყენებთან ერთად განაგრძობენ წინსვლას ჩვენი ხალხის ნათელი მომავლისთვის,“- განაცხადა კასიანოვმა.
| Print |
FaceBook Twitter Google