პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპას რუსებისთვის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ ევროპის ტერიტორიაზე შესვლა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა The Washington Post-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის განმარტებით, ყველა სანქცია, რომელიც აქამდე რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს, სუსტია რუსეთის მოქალაქეთათვის საზღვრების ერთი წლით ჩაკეტვასა და ენერგომატარებლების შეძენის შეჩერებასთან შედარებით.

„ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა, იმიტომ, რომ რუსები სხვებს მიწებს ართმევენ. მათ თავიანთ სამყაროში უნდა იცხოვრონ, სანამ არ შეიცვლიან მსოფლმხედველობას,“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იგი მიიჩნევს, რომ საჭიროა რუსეთის მოსახლეობასაც დაეკისროს პასუხისმგებლობა და მოხდეს მათი იზოლირება. ზელენსკის მტკიცებით, ეს პუტინზე ზეგავლენის ერთადერთი საშუალებაა.

„რომელ რუსებზეც არ უნდა იყოს საუბარი, დააბრუნეთ ისინი რუსეთში. მერე გაიგებენ, მერე იტყვიან: ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ამ ომთან. მთელი ერი ვერ იტვირთავს პასუხისმგებლობას, ხომ ასეა? იკისრებს. ამ ხალხმა აირჩია ასეთი ხელისუფლება, არ ებრძვის მას, არ ეკამათება, არ უყვირის მას“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების დღიდან ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებული მექანიზმი გააუქმა. ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებმა და სავიზო ცენტრებმა შეზღუდეს ან სრულად შეაჩერეს რუსებისთვის შენგენის მოკლევადიანი ვიზების გაცემა.
| Print |
FaceBook Twitter Google