პოლიტიკა
გაერთიანებულმა სამეფომ რუსული ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტა
დღეიდან, 10 აგვისტოდან, ძალაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტის ზომა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ქვანახშირის იმპორტი უნდა აიკრძალოს.

აღნიშნული პაკეტი ევროკავშირმა ჯერ კიდევ აპრილში დაამტკიცა. რუსული ქვანახშირის იმპორტზე უარს დიდი ბრიტანეთი დღეიდან ამბობს.

ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით უჟანგავი ფოლადის ბრიტანული ასოციაციის ვებ-გვერდზეცაა განთავსებული.

ევროკავშირის შეფასებით, ზემოაღნიშნული აკრძალვა ევროკავშირის ტერიტორიაზე ქვანახშირის სრული იმპორტის მხოლოდ ერთ მეოთხედს შეეხება, რაც რუსეთისთვის წელიწადში 8 მილიარდი ევროს დანაკლისის ტოლფასია.

როგორც გამოცემა „Anadolu Agency” იუწყება, ევროკავშირი რუსულ ქვანახშირს სამხრეთ აფრიკული, ამერიკული, კოლუმბიური და სხვა ანალოგიური ბაზრებიდან იმპორტირებული ქვანახშირით ჩაანაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კრემლმა ევროკავშირის აღნიშნული განცხადების შესახებ გაიგო, რუსეთმა საექსპორტო ნაკადები ნაწილობრივ ინდოეთისა და თურქეთისკენ მიმართა. აგრეთვე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რუსეთს ქვანახშირის გაყიდვა თითქმის განახევრებული ფასით უწევს.

2022 წლის ბოლოსთვის ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ნაწილობრივ უარის თქმას აპირებს.

გამონაკლისის სახით ევროკავშირი მხოლოდ მილსადენით იმპორტირებულ ნედლ ნავთობს შეისყიდის.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მან რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი ჯერ კიდევ მარტის დასაწყისიდან აკრძალა.
| Print |
FaceBook Twitter Google