პოლიტიკა
ევროსაბჭომ რუსეთის მოქალაქეებს გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერა
ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროსაბჭომ დღეს, 9 სექტემბერს მიიღო.

„გამარტივებული სავიზო რეჟიმი პრივილეგიაა მოქალაქეებისთვის საიმედო პარტნიორ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირს საერთო ფასეულობები გააჩნია, რუსეთმა კი, უკრაინაში არაპროვოცირებული, აგრესიული ომით და სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმით დაარღვია ნდობა. იგი ხელყოფს საერთაშორისო თანამეგობრობის ძირითად ფასეულობებს,“ - განაცხადა ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანმა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის ქმედებების საპასუხოა და უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
აქედან გამომდინარე, 2022 წლის 12 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეები გამარტივებული სავიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ.

ცნობისთვის, სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება ევროკავშირსა და რუსეთს შორის 2007 წლის 1-ელი ივნისიდან შევიდა ძალაში. რუსეთის მოქალაქეებისთვის აღნიშნული შეთანხმების შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნება სავიზო კოდექსის საერთო წესები. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებს ვიზის მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა, მეტად ხანგრძლივი პროცედურების გავლა და სავიზო მოსაკრებლის სახით 35-ის ნაცვლად, 80 ევროს გადახდა დასჭირდებათ.

ამ დროისთვის, ბალტიისპირეთისა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მოითხოვს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა აეკრძალოთ, თუმცა ამ საკითხთან მიმართებით შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.
| Print |
FaceBook Twitter Google