პოლიტიკა
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე შალვა პაპუაშვილმა „მოსმენების შესახებ კანონის“ გაფართოების კანონპროექტს ხელი მოაწერა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ არც პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო და არც ვენეციის კომისიის დასკვნა სამართლებრივ პრობლემებზე არ საუბრობს.

"ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპსა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რის ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი დადგენილი წესით, არადაჩქარებული სახით განიხილეს და აღნიშნულ პროცესში ჩართვა ყველა რელევანტურ სახელმწიფო უწყებას, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასა და საერთაშორისო აქტორს შეეძლო.

"ადგილობრივ დაინტერესებულ ჯგუფებთან თუ საერთაშორისო აქტორებთან მსჯელობის პროცესში დადასტურდა, რომ აღნიშნული კანონი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ვეტოს განხილვის პროცესმაც დაადასტურა, რომ რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე, რომელ უფლებრივ სტანდარტს არღვევს მოცემული კანონი, პასუხი არ არსებობდა", - თქვა პაპუაშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ „კანონის მიღების მიზანშეწონილობის გადაწყვეტა საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაა“.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამეტმა 7 ივნისს მიიღო. კანონპროექტის შინაარსმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მაშინვე გამოიწვია. რაც შეეხება კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას, სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება, თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად, 2022 წლის 22 ივნისს გამოიყენა. მანვე მიმართა ვენეციის კომისიას ამავე წლის პირველ ივლისს კანონთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნის გაკეთებისთვის.

იმის მიუხედავად, რომ კომისიის მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ფარული საგამოძიებო მოქმედების - პროცედურის შეცვლის შესახებ ნაჩქარევადაა მიღებული და გადახედვას საჭიროებს, საქართველოს პარლამენტმა, 6 სექტემბერს, პარლამენტის პირველსავე საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს საშუალებას აძლევს, მოუსმინოს მეტ მოქალაქეს უფრო მარტივად.
| Print |
FaceBook Twitter Google