პოლიტიკა
„დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს საოკუპაციო შენატანის გადახდა“- ლევან ბეჟაშვილი
პარტია "ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის მოქალაქეებისთვის საოკუპაციო შენატანის დაწესების ინიციატივით გამოდის.
პარტიის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა, პარლამენტარ კოლეგებს მოუწოდა, ამ საკანონმდებლო ცვლილებების ირგვლივ გაერთიანდნენ.

"დაწესდეს რუსეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულება. თანხა იქნება 1000 ლარი თითოეულ მოქალაქეზე - ამ გადახდით, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან და რუსეთი აგრესორია. იმავდროულად, ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელი უნდა აღმოჩნდეს - თუ არ სურთ ამის აღიარება და თანხის გადახდა, მათ შეუძლიათ არ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული შენატანის დაწესება იქნება სოლიდარობის გამოცხადება იმ დევნილებისთვის, რომლებიც ათასობით არიან საქართველოში - ეს თანხები მათი საჭიროებისათვის იქნება გადარიცხული", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულება უნდა ჰქონდეთ საქართველოში კანონის მიღებამდე შემოსულ რუსეთის მოქალაქეებსაც - მათ ქვეყანაში არსებული სერვისებით სარგებლობის უფლება მხოლოდ თანხის გადახდის დამდასტურებელი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში უნდა მიეცეთ.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე მოქმედ სახმელეთო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა.
| Print |
FaceBook Twitter Google