პოლიტიკა
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში. აღნიშნულ ცვლილებას მხარი დაუჭირა 74-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 22.

„კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება,“ - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


პარლამენტმა, ასევე, მესამე მოსმენით, 75 ხმით, 20-ის წინააღმდეგ მიიღო თანმდევი პროექტი, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის კონკრეტული ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებულ სანქციებს დაემატა ახალი სანქცია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.


ცნობისთვის, აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები. კანონის მიღებას მხარს არ უჭერდა არც საქართველოს სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა.


| Print |
FaceBook Twitter Google