პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არ გამოხატავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოსა და მისი ლიდერის მიმართ- ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში გაჟღერებული განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია.

პრემიერ-მინისტრი სინანულს გამოხატავს საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას.

ამის შესახებ პრემიერმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერ მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი განიხილეს.

„შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგი.

მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, პოტენციალს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთში განხორციელებული ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და მის უდიდეს როლს საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე განმტკიცების პროცესში.

პრემიერ-მინისტრის მიერ კიდევ ერთხელ უაღრესად დადებითად შეფასდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის განსაკუთრებული როლი, ხედვა და ეფექტური მმართველობის მიღწევები ჩინეთის ტრანსფორმაციასა და განვითარებაში, ამავდროულად ჩინეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჩინეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა მასშტაბური რეფორმა, მათ შორის გლობალური მნიშვნელობის ინიციატივები, ასევე ჩინეთის პრეზიდენტის განსხვავებული და განსაკუთრებული ხედვა რეგიონული და საერთაშორისო პრობლემების მოგვარებისა და დარეგულირების კუთხით,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განიხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან, სადაც საქართველოს პრეზიდეტმა თქვა, რომ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და სი ძინ პინის გასამართლება ისტორიული შედეგი იქნებოდა, რომელიც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. მისივე თქმით, ამას თავად შეუძლებლად მიიჩნევდა.

„აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.

პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და სწორედ მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმების საჯარო და უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიციირების მიზეზი,“ - ვკითხულობთ პრესრელიზში.

ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ.
.



| Print |
FaceBook Twitter Google