თვითმმართველობა
გურჯაანის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი მერიას უკან დაუბრუნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სესიაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც 11 მილიონ 700 000 ლარით არის განსაზღვრული.
-„პრიორიტეტი მიენიჭა ინფრასტრუქტურას, სოციალურ სფეროს, კულტურასა და განათლებას. ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება გასულ წელს 19 700 ლარი იყო, 2018 წელს კი ამისთვის 100 000 ლარია გათვალისწინებული. ეს განპირობებულია იმით, რომ ახლაგაზრდების ჩართულობა გაიზარდოს. კულტურული ღონისძებების დაფინანსება 25-დან 50 000 ლარამდეა გაზრდილი, გზების მშენებლობისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 1 მილიონი ლარი განისაზღვრა, ეს მოიცავს როგორც ორმოულ შეკეთებას, ასევე მოასფალტებას. სოციალური პაკეტი კი 1 301 000 ლარია.“- აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ.

რამდენიმე დეპუტატმა პროექტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიორგი პეტრუზაშვილმა აღნიშნა, რომ ხევების გაწმენდითი სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხა- 100 000 ლარი საკმარისი არ იქნება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გივი რამაზაშვილის თქმით კი, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის სამუშაო ოთახები უნდა გამოიყოს და შესაბამისი თანხა ბიუჯეტშიც აისახოს. მან ასევე მოითხოვა სასაფლაოების მოვლა-პატრონობისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა განისაზღვროს და შეიქმნას ა.ა.ი.პ, რომელიც აღნიშლი საკითხის მოგვარებაზე იზრუნებს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ზურა ხუროშვილმა აღნიშნა, რომ  ტელერადიომაუწყებლობისა და საგამომცემლო საქმიანობისთვის განსაზღვრული თანხა მცირეა და უნდა გაიზარდოს.

ბიუჯეტი განსახილველად კვლავ მერიას დაუბრუნდა. მერია კორექტირებულ ვერსიას საკრებულოს 10 დეკემბრამდე გადაუგზავნის. საკრებულომ ბიუჯეტი 25 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

| Print |
FaceBook Twitter Google