თვითმმართველობა
თვითმმართველობებში ადმინისტრაციული ხარჯი გაიზარდა
პირველად თვითმმართველობის ისტორიაში საკრებულოების ფრაქციების თავმჯდომარეებს მოადგილეები ეყოლებათ. შესაბამისი ცვლილებები ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექში” განხორციელდა.


კახეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეები დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს გარდა, ყველგან აირჩიეს. თუმცა, ეს საკითხი დღის წესრიგში აქაც დგას. ამ სიახლეს საკრებულოს წევრებს შორის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა თემურ ბუწაშვილმა აღნიშნა, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნა გაზრდილ ბიუროკრატიას ნიშნავს.
„ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ვალდებულებაში არიან ხელისუფლებასთან, ამიტომ ხელისუფლება მათ 1200 ლარიანი ხელფასით ასაჩუქრებს. ვფიქრობ, რომ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს, მოსახლეობასთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. მათზე გაცემული ხელფასი, არის ერთგვარი სიკეთის და პატივისცემის დაბრუნება, რომლებიც თავის დროზე მაჟორიტარებმა გაიღეს მმართველი უმრავლესობისთვის .“

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია შაოშვილი კი მიიჩნევს, რომ დეპუტატის საქმიანობა აუცილებლად ანაზღაურებადი უნდა იყოს.„დეპუტატი გადის სოფელში, ეცნობა ხალხის პრობლემას და მოაქვს აქამდე. ჩვენი მწირი ბიუჯეტი ვერ იძლევა იმის საშულებას, რომ ყველა დეპუტატს ჰქონდეს ხელფასი. ისინი ამჟამად მხოლოდ ხარჯის თანხას იღებენ. რაც შეეხება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, ეს აუცილებელიც არის. როდესაც ანაზღაურება აქვს, საკრებულოს წევრი ვალდებულია მოვიდეს და თავიდან ბოლომდე ჩაერთოს ყველა პროცესში. რასაც ვერ დავავალდებულებთ რიგით დეპუტატს.“

მისივე თქმით, მოადგილეებზე გაცემული ხელფასი ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვება.
„ვთვლი, რომ ბიუჯეტი უაზროდ არ იხარჯება. უნდა გაგვიხარდეს როდესაც ვიღაც დასაქმებულია, ხელფასს იღებს. ისინი უფრო პროდუქტიულები ხდებიან, რაც დადებითად წაადგება საკრებულოს მუშაობას. არც ისეთი უსაშველო თანხაა, რომ ბიუჯეტმა ექვსი მოადგილის ხელფასი ვერ გადაიხადოს. ეს მარტო მმართველ გუნდზე არ არის გათვლილი, ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარეებსაც ჰყავთ მოადგილეები და მათაც იგივე ხელფასი აქვთ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ფრაქციის ორ მოადგილეს, ეს კანონში დევს და ამას ვერ დავარღვევთ. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ ვიღაცის დასაქმება უნდოდათო. ეს არასერიოზულია, რადგან მათ ფრაქციაშიც დაინიშნა მოადგილე. ზოგადად ფრაქციას ბევრი პრობლემატური საკითხის წამოჭრა და მოგვარება შეუძლია. “

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ნატო გონგაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯი 90 ათასი ლარით გაიზრდება. „დაინიშნა საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეების ექვსი მოადგილე. ნაშთის გამოყენების გზით სახელფასო ფონდი 90 ათასი ლარით გაიზრდება. თითოეული მათგანის სახელფასო სარგო დარიცხული 1250 ლარია. ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება.“

როდესაც კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში შევიდა, განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო: „კანონპროექტის მიზანია გაძლიერდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი პოლიტიკური კურსის გამოხატვა და გატარება საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე, თავიდან იქნეს აცილებული საკრებულოს ფრაქციების საქმიანობის შეფერხების რისკი, იმით რომ განხორციელდება მუნიციპალიტეტის ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილებათა გადანაწილება თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეებს შორის და თავმჯდომარის არყოფნა არ შეაფერხებს ფრაქციების ნორმალური საქმიანობის პროცესს.”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო და თვითმმართველობის პროექტების კოორდინატორის, ირმა პავლიაშვილის განმარტებით კი, თვითმმართველობის გაძლიერებას უფრო მეტი დამოუკიდებლობა სჭირდება პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისით. „მოადგილეების რაოდენობის ზრდა და ანაზღაურების მიცემა რეალურად იმ მიზანს, რა მიზნითაც ეს ხორციელდება, სავარაუდოდ ვერ მიაღწევს. თვითმმართველობის გაძლიერებას ინსტიტუციურად მეტი დამოუკიდებლობა სჭირდება როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური კუთხით. ამიტომ მნიშვნელოვანია თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით, გვქონდეს ერთიანი ხედვა-სტრატეგია და მივცეთ მას მეტი დამოუკიდებლობა“.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც საკრებულოებში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შექმნას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ერთი მოადგილე. ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარე უფლებამოსილია, ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე.

სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 4 ფრაქციაა და 5 მოადგილე დაინიშნა. ლაგოდეხსა და ახმეტაში საკრებულოების ხუთი ფრაქციის თავმჯდომარეებს 6 მოადგილე ჰყავთ. თელავში ოთხი ფრაქციაა და 5 მოადგილე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნუგზარ პაპიაშვილის თქმით, მათთან ოთხი ფრაქცია მუშაობს და მოადგილეები ჯერ არ ჰყავთ. „არ ვჩქარობთ, შევხედავთ სიტუაციას. თუ ფრაქციის თავმჯდომარეებს აქვთ სურვილი, მოგვმართავენ. “
რაც შეეხება საგარეჯოს, აქ საკრებულოში სამი ფრაქციაა და არც ერთი მოადგილე, თუმცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს საკითხი დღის წესრიგში დგას.

| Print |
FaceBook Twitter Google