თვითმმართველობა
ყვარლის საკრებულომ ხელფასების ზრდის საკითხი ოპოზიციის გარეშე დაამტკიცა
ყვარლის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა.  2022 წლიდან მერის ხელფასი 5 063 ლარი იქნება, პირველი მოადგილის - 3 850, მოადგილის - 3 520, სამსახურის უფროსების - 2 530, განყოფილების უფროსების - 1 760 ლარი.

საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 4 510 ლარით განისაზღვრა, მოადგილის - 3 410 -ით, მეორე მოადგილის კი - 2970-ით.

საკრებულოს ამ სესიას ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი დეპუტატი ესწრებოდა. დანარჩენებისთვის კი, სესიის გამართვის შესახებ არავის უცნობებია.

ხელფასების მატების საკითხი არ განუხილავს არც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას. თავმჯდომარე თამარ დენტოშვილი, რომელიც ახლა გიორგი გახარიას პარტიის წევრია, ამბობს რომ აღნიშნული საკითხი მათი კომისიისთვის არავის მიუწვდია. უკვე გაზრდილი ხელფასების შესახებ დენტოშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო.

"კოვიდი მაქვს, სესიას მაინც ვერ დავესწრებოდი, თუმცა არც გაუგებინებიათ, არც კომისიაზე განგვიხილავს. ზოგადად, როცა საქმე ბიუჯეტს ეხება, კომისია უნდა გაიაროს და მერე გავიდეს საკრებულოზე, ჩვენ საქმის კურსში არ ვყოფილვართ, სოციალური ქსელით გავიგე, რომ ხელფასები გაიზარდა. მანდ ვარ უკვე შვიდი წელია და სულ ქამრების შემოჭერაზე საუბრობენ. ჩემი პოზიციაა, რომ ხელფასები ამდენით არ უნდა გაზრდილიყო, უმნიშვნელო მატება კიდევ მესმის," - უთხრა speqtri.ge-ს დენტოშვილმა.

სესიას არ ესწრებოდა საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატი, ნინო ხუციშვილი, რომელიც  გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერია.

"აუცილებლად მექნებოდა ჩემი კითხვები თანამდებობრივი სარგოს ზრდასთან დაკავშირებით და ცხადია, არც მხარს დავუჭერდი ამ ოდენობით ზრდას. სრულიად შეგნებულად მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება და განსხვავებული აზრის მქონე დეპუტატების გარეშე გაატარეს ისეთი ტიპის ცვლილებები, რაც მიმაჩნია, რომ უკანონოა. სესია რომ უნდა გამართულიყო, არ გაგვაგებინეს, აქამდე მსგავსი რამ არ მომხდარა. დღეს ქართული ოცნება ყველა დონეზე გასულია კანონის ჩარჩოებიდან და ეს ქმედებაც ამის მკაფიო დადასტურებაა".

საკრებულოს 10-მდე ოპოზიციონერი დეპუტატიდან სხდომას მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ესწრებოდა, მან აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

"ხელფასების თითქმის გაორმაგება არ იყო საჭირო, ამიტომ არ დავუჭირე მხარი. ასევე მგონია, რომ საკითხისთვის კენჭი ახალი მოწვევის საკრებულოს უნდა ეყარა. ოპოზიცია არ ესწრებოდა სესიას, ამბობენ არ გაგვაგებინესო, არ ვიცი, მე აპარატიდან დამირეკეს,"-ამბობს ალექსი შიუკაშვილი.

რატომ არ გააგებინეს საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს სესია რომ უნდა გამართულიყო? - ამ კითხვით აპარატის უფროსს, ანა უსტიაშვილს მივმართეთ, რომელიც თავიდან ამტკიცებდა, რომ დეპუტატებს აპარატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაურეკა.

speqtri.ge-სკითხვაზე, თუ ვინ დარეკა დეპუტატებთან, გვიპაუხა, რომ თვითიზოლაციაში იყო, საკითხში გაერკვეოდა და პასუხებს შემდეგ გაგვცემდა. როგორც აპარატის უფროსმა შემდეგ სატელეფონო საუბარში განაცხადა, იმ ფაქტს, რომ დეპუტატებისთვის არ დაურეკავთ, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს. უსტიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გადაგვამისამართა. ვანო მამულაშვილი კი, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.




| Print |
FaceBook Twitter Google