თვითმმართველობა
დასაწყებია გამოძიება - თემურ ბუწაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში არსებულ დარღვევებზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის შედეგებიდან ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში დარღვევათა 14 პუნქტი გამოვლინდა და გაიცა 9 შესაბამისი რეკომენდაცია.

მერიის საქმიანობის შედეგად არამიზანშეწონილად გახარჯული თანხის რაოდენობა მილიონ ლარს სცდება. ხარვეზები გამოვლენილია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ავტოპარკის მართვა - მერიის თანამშრომლები ავტომანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი რაოდენობის საწვავს „ასხამდნენ“; ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები, დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები, გამოუყენებელი პროექტები, არაეკონომიური ხარჯები, წინასწარი ანგარიშწორების ხარვეზი, დარიცხული და ამოუღებელი საჯარიმო თანხები, მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები, ავტოპარკისა და ქონების მართვის ხარვეზები, იურიდიული პირების მართვის ხარვეზები, სარეზერვო ფონდიდან შეუსაბამოდ გაცემული დახმარებები, დელეგირებული უფლებამოსილების დაფინანსება საკუთარი შემოსავლებიდან, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები და ჩაუტარებელი ინვენრარიზაცია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გურჯაანის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრთის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილი ამბობს, რომ საერთო ჯამში საუბარია ერთ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხაზე, რომელიც, ფაქტობრივად, დაკარგულია.

„ აღმოჩნდა,რომ მოკლე დროში აღნიშნულ ობიქტებს კვლავ სჭირდება რეაბილიტაცია, მიზეზი არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოებია, მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტის მხრიდან არ ყოფილა რეაგირება უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, დასაწყებია გამოძიება და დასადგენია, იმ პირთა ბრალეულობა, რომლებიც პირდაპირ შემხებლობაში არიან აღნიშნულ დარღვევბთან,” – გვეუბნება თემურ ბუწაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში 10 ნოემბერს გამოაქვეყნა. საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge-მ კომენტარისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასაც მიმართა, საიდანაც წერილობით გვიპასუხეს, რომ რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე მერია აქტიურად მუშაობს.

„სახელმწიფო აუდიტისგან მიღებული დასკვნის საფუძველზე გაიცა 9 რეკომენდაცია. გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე აქტიურად მუშაობს მერია.

მუშაობა მიმდინარეობს ელექტრონულ ფორმატში, რომლის მაკონტროლებელიც სახელმწიფო აუდიტთან ერთად არის საქართველოს პარლამენტი“, - აცხადებენ მერიაში.

| Print |
FaceBook Twitter Google