სამართალი
თაღლითობის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს
საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქეები - ვლადისლავს ბორისოვსი, ევგენის კალნმალისი და საქართველოს მოქალაქე დავით გაგნიძე თაღლითურად დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ თანხას.

ამ მიზნით მათ შეიმუშავეს და განახორციელეს გეგმა, რომლის თანახმადაც, საქართველოში დაარეგისტრირეს კომპანია სახელწოდებით „ჯორჯიაფრუტი 16“ და საქართველოში მოქმედ რამდენიმე კომერციულ ბანკში გახსნეს საბანკო ანგარიშები.
რეალურად კი, საწარმოს შექმნა და საბანკო ანგარიშების გახსნა განხორციელდა ფიქტიურად და მიზნად ისახავდა დიდი ოდენობით სხვისი კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებას.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად, 2016 წლის 20 აპრილს ფიქტიური კომპანიის - შპს „ჯორჯიაფრუტი 16“-ის საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოირიცხა 449 994 აშშ დოლარი.

იმავე დღეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან მოპოვებული 440 000 აშშ დოლარიგამოიტანეს, რა დროსაც ისინი დააკავეს. ჩატარებული ჩხრეკის მითითებული თანხა სრულიად ამოიღეს.

ვლადისლავს ბორისოვსის, ევგენის კალნმალისს და დავით გაგნიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

| Print |
FaceBook Twitter Google