სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავა [Video]
საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის 28 იანვარს თურქეთში ქ.დუზჯეში საქართველოს მოქალაქეების განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. აღნიშნულ საქმეზე ქ.მარნეულში მცხოვრები ელნურ ანტესოვი, ვუგარ გულიევი და აზადე ომაროვა დააკავეს.
2016 წლის 29 იანვარს, თურქეთის სამართალდამცველებმა ქალაქ დუზჯეში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში საქართველოს მოქალაქეების - ემმა შარიფოვას და სახიბ გასანოვის, ასევე თურქეთის მოქალაქის ელნაზ შარიფოვას გვამები იპოვეს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გარდაცვლილების ოჯახის წევრების მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო.

"გამოძიებით დადგენდა, რომ ელნაზ შარიფოვა, ემა შარიფოვა და მისი შვილიშვილი სახიბ გასანოვი სამუშაოდ იმყოფებოდნენ თურქეთში, ქ.დუზჯეში და ფინანსურად ეხმარებოდნენ მარნეულში მცხოვრებ ოჯახის წევრებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მათ გააჩნდათ გარკვეული ფინანსური დანაზოგი, რომელსაც ინახავდნენ ქ.დუზჯეში მათსავე საცხოვრებელ სახლში. 2016 წლის 6 იანვარს მათთან სტუმრად ჩავიდა ქ.მარნეულში მცხოვრები აზადე ომაროვა, რომელიც მანამდეც არაერთხელ სტუმრობდა ამ უკანასკნელებს და სარგებლობდა მათი ნდობით. 2016 წლის 26 იანვარს თურქეთში ასევე გაემგზავრა მარნეულში მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე ელნურ ანტესოვი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა აზადე ომაროვასთან და მისგანვე გახდა ცნობილი ზემოაღნიშნულ პირთა საცხოვრებელი ადგილი. თურქეთში ჩასვლის შემდეგ, ელნურ ანტესოვი, ქ.სტამბულში შეხვდა მის მეგობარს ვუგარ გულიევს, რის შემდეგაც 28 იანვარს გამთენიისას, ისინი აზადე ომაროვას დახმარებით მივიდნენ ემა და ელნაზ შარიფოვების საცხოვრებელ სახლში. ვინაიდან ბრალდებულებისთვის წინასწარ იყო ცნობილი თანხის არსებობის შესახებ, მისი დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინეს სამი პირის მკვლელობა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილებს სხეულზე აღენიშნებოდათ ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი სახის ჭრილობები. მკვლელობის შემდეგ ბრალდებულები დაეუფლნენ გარდაცვლილების კუთვნილ პერსონალურ კომპიუტერს, მობილურ ტელეფონებს, ასევე სხვა ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 2016 წლის 29 იანვარს, მკვლელობის მომდევნო დღეს ბრალდებულებმა დატოვეს თურქეთის ტერიტორია და სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი."-
განმარტავენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ.



| Print |
FaceBook Twitter Google