სამართალი
სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული გურჯაანის პოლიციას ცემაში ადანაშაულებს
დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულების შოთა ჭიღლაშვილისა და კახა მახარაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
დაიკითხა დაცვის მხარის ორი მოწმე და თავად ბრალდებული შოთა ჭიღლაშვილი.

შოთა ჭიღლაშვილის ჩვენება- "11 თებერვალს გურჯაანში, პაპას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით. კახა ჭიღლაშვილი სახლში მაცილებდა. რამდენიმე წუთი გავჩერდით და პოლიცია მოვიდა, რა ხდებაო იკითხეს, კახამ უპასუხა არაფერიო. უთხრეს შენ რა უზრდელი ხარო, დაკავება და ცემა დაუწყეს, ვეუბნებოდი გაუშვით-თქო. პირზე ხელს აფარებდნენ, ვუთხარი ტუბერკულიოზი აქვს გადატანილი, ხელი გაუშვით ფილტვები არ გაუსკდეს-მეთქი. როდესაც კახას სვამდენენ მანქანაში რეზო ქადაგიშვილმა (გურჯაანის რაიონული სამამრთველოს თანამშრომელი) ჩემზე უთხრათ, ეს აქ დატოვოთ, წაიყვანეთო. თავზე ქუდები ჩამოგვაფარეს, განყოფილებაში მიგვიყვანეს და იქაც გვცემეს, სკამებზე მიგვაბეს. გვეუბნებოდნენ, თელაველები აქ იმიტომ ვმუშაობთ, გურჯაანელები რომ დაგიჭიროთო. გვაგინებდნენ და მეც ვაგინებდი, კახას არ შეუგინებია. პოლიციის უფროსი კრაწაშვილიც იქ იყო და შერბაკოვთან, შაკიაშვილთან, ქადაგიშვილთან, სამადაშვილთან (გურჯაანის რაიონული სამმართველოს თნამაშრომლები) ერთად ისიც გვირტყამდა. ჩვენ არ შევხებივართ მათ. სამადაშვილმა კედელს ძალათ მიარტყა ხელი, რომ ჩვენ დაგვბრალებოდა. ამბობდა, პროკურატურა ჩვენია და ჩვენ დაგვიჯერებენო. ორი დღით ადრეც მივიდნენ ჩემთან და მთელი სახლი გადაატრიალეს, არ ვიცი რას ეძებდნენ.“

9 თებერვალს შოთა ჭიღლაშვილის სახლი რომ პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა გაჩხრიკა, ამას ადასტურებს დაცვის მხარის ორი მოწმე, რომლებიც ბრალდებულის მეზობლები არიან.

დასკვნით სიტყვაში, პროკურორმა ბრალლდებულებისთვის პატიმრობის შეფარდება დანაშაულთა ერთობლიობით მოითხოვა. მისი თქმით, ჭიღლაშვილს პირობითი მსჯავრი შეფარდებული აქვს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით, ხოლო მახარაშვილს-117 მუხლით.
ადვოკატებმა კი განმარტეს, რომ მათ მიმართ პატიმრობა არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელების ჩვენებები რიგ შემთხვევებში ერთმანეთს არ ემთხვევა. ადვოკატების განცხადებით, მოწმეებად დაკითხული პოლიციელები პროკურატურის დარიგებულები არიან.
მორიგი სასამართლო სხდომა პირველ ნოემბერს ჩაინიშნა.

გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჭიღლაშვილი და მახარაშვილი 2016 წლის 11 თებერვლის ღამეს, დაახლოებით 2 საათზე, გურჯაანში, "პაპას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფებიან. ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

| Print |
FaceBook Twitter Google