სამართალი
გურჯაანის სასამართლომ 19 წლის მოწმე პატიმრობაში დატოვა
დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული გია რუაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.
გია რუაძე მოწმედ დაიკითხა ომარ ცისკარაშვილის საქმეზე. ცნობისთვის, გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ომარ ცისკარაშვილმა 2016 წლის 11 მაისს, ღამით, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება გია რუაძეს სწორედ ამ საქმეში მიცემულ სხვადასხვა ჩვენებას ედავება.

ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი უტიაშვილმა სასამართლოს შუამდგომობით მიმართა, თავისი დაცვის ქვეშ მყოფი 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა. საბოლოოდ, მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა 19 წლის გია რუაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

როგორც ადვოკატმა ირაკლი უტიაშვილმა speqtri.ge-ს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პატიმრობა უკანონოდ იქნა გამოყენებული.
„პატიმრობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. პროკურორის მოთხოვნა, რომ გამოყენებული იქნეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, უდავოდ გაიზიარა სასამართლომ. ეს მოწმობს, რომ პროკურატურის ნება-სურვილს უპირობოდ ასრულებს. სამართლიან მართლმსაჯულებაზე საუბარი მითია. რაც დღეს პროცესზე მოხდა, უკანონო მართლმსაჯულების ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა, მაგალითია იმის, თუ როგორ ილახება მოქალაქის უფლება. ცხადია, რომ თუ პროკურატურამ მოინდომა, მას შეუძლია სისხლის სამართლებრივი დევნა შეთითხნილი და გამოგონილი ბრალდებით დაიწყოს.“

მისივე მტკიცებით, გია რუაძეს არსებითად განსხვავებული ჩვენება არ მიუცია.

„გია რუაძის ჩვენება საკმაოდ ვრცელი იყო. მან იგივე განაცხადა სასამართლოზეც, რაც გურჯაანის რაიონულ სამმართველოში. განსხვავება იყო მხოლოდ ერთ წინადადებაში, რაც შემდეგში მდგომარეობს. გამოძიებისას მას მითითებული აქვს, რომ ინცინდენტის დროს, დაინახა შავი ავტომაქნანა, რომლის მხრიდანაც მოხდა გასროლა, სხდომაზე კი თქვა, რომ მან დაინახა შავი ავტომანქანა, თუმცა რომელი მხრიდან მოხდა გასროლა, არ შეუმჩნევია. ეს არ არის არსებითად განსხვავებული ჩვენება, გარდა ამისა, ასეც რომ იყოს, შეიძლება ზუსტად ვერ გავიხსენოთ ხუთი თვის წინ რა მოხდა. ამის გამო გია რუაძე დღეს პატიმრობაშია. მის ოჯახზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ ბრალდებულმა როგორმე დანაშაული აღიაროს. კანონიერი მართლმსაჯულების ფარგლებში, პროკურატურა ვერ შეძლებს ბრალდების დამტკიცებას. ვინაიდან კანონიერი მართლმსაჯულება არ გვაქვს და სასამართლო პროკურატურის პოზიციას უპირობოდ იზიარებს, მათ იმედი აქვთ, რომ ამას შეძლებენ. უკვე იციან, რომ მოსამართლე მათია და გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ მიიღებს.“


ცნობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 370 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ( ცრუ ჩვენება) გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ამავე თემაზე:

გურჯაანის სასამართლომ მოწმეს პატიმრობა შეუფარდა

პოლიციელების მიერ მოწმის შესაძლო ცემის ფაქტს გურჯაანის პროკურატურა სწავლობს

| Print |
FaceBook Twitter Google