სამართალი
ახმეტაში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დალუქეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს გურამ ოტიაშვილსა და გიორგი ჭინჭარაულს, საცხოვრებელი სახლის ეზოში, მოწყობილი ჰქონდათ ე.წ. "ველოსიპედი“-ს ტიპის სახერხი დანადგარები, რომლებიც მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში არ იყო რეგისტრირებული. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო წიფლის სახეობის 6 ცალი მორი და 2,5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. მოქალაქეებს ჩამოერთვათ აღნიშნული სახერხი დანადგარები.

სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა რეგისტრირებულ სახერხ საამქროშიც. მოქალაქე ჰამლეტ სამუკაშვილს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, განთავსებული ჰქონდა წიფლის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მორები. სახერხი საამქრო დაილუქა.
ფაქტებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.


| Print |
FaceBook Twitter Google