სამართალი
პირს, რომელმაც გურჯაანში პოლიციელებს ესროლა, შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ იმ პირის საქმეზე, რომელმაც გასული წლის მაისში გურჯაანში პოლიციელებს ესროლა, განაჩენი გამოიტანა.
ბრალდებულ ომარ ცისკარაშვილს შვიდწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესი არა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, არამედ სასჯელაღსრულების # 18-ე დაწესებულებაში გაიმართა.

წარდგენილ ბრალდებაში ომარ ცისკარშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობდა და რამდენიმე დღის წინ სამართლიანობის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ასევე, სასამართლოსა და პროკურატურის მიკერძოებულობაზე საუბრობდა ადვოკატი ნონა ფილაური.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით იყო აღძრული,  სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ე და მეოთხე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით (ძარცვა), 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), ასევე 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით. ( ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება).

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ომარ ცისკარაშვილმა 2016 წლის 11 მაისს, გურჯაანში, ღამით, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლისას დაზიანდა საპატრულო ეკიპაჟის ორი ავტომანქანა. პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.



| Print |
FaceBook Twitter Google