სამართალი
საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა, რობ უენრაითმა „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის და ევროპოლის მიერ შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს.

ევროპოლის დირექტორი საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურად ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად ეწვია.
ხელშეკრულების დადების საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციის შემდეგ შევა.

ცნობისთვის, მსგავსი შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია და სხვა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ევროპოლი / შსს /