სამართალი
პროკურატურის დასკვნით გურჯაანის პოლიციას მოწმე არ უცემია
გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ, სამართალდამცველების მიერ მოწმე ზვიად უტიაშვილის შესაძლო ცემის ფაქტზე მოკვლევა დაასრულა.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.

საუბარია ომარ ცისკარაშვილის საქმეზე, რომელმაც მიმდინარე წლის 11 მაისს, გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, პატრულ-ინსპექტორების მისამართით ისროლა, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მოწმე ზვიად უტიაშვილმა, ვისი მანქანითაც, გამოძიების ცნობით, ბრალდებული გაიქცა, გასული წლის ნოემბერში პროცესზე განაცხადა, რომ ინცინდენტის ღამეს, დაკითხვამდე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ძიება სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google