სამართალი
16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს წინაშე არსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგებით, ქონების გადამალვის ფაქტზე, 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით, გამოძებამ დაადგინა, რომ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, არსებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ახდენდნენ ახალი, ფიქტიური საწარმოების რეგისტრაციას ხშირ შემთხვევაში იმავე მისამართზე, მათი ოჯახის სხვა წევრებზე, ხოლო შემდეგ, მოჩვენებითი გარიგებით საქონლის გადაწერის გზით ახორციელებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვას.

ამ გზით ბრალდებულებმა სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხები. უწყებისვე ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებით საწარმოს ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებულია 1 მილიონ ლარზე მეტი ზიანი.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google