სამართალი
თელავის საკრებულოს დეპუტატს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორიფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით საჯარო მოხელეები დააკავა.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულები არიან: თვითმმართველი თემი - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის თავმჯდომარე ზაზა ზაზაშვილი, ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძე

გამოძიების ოფიციალური ვერსიით,  ზაზა ზაზაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 აშშ დოლარის გადახდა.
ზაზა ზაზაშვილმა მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 15 000 აშშ დოლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საკუთარ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



| Print |
FaceBook Twitter Google