სამართალი
შსს-მ "რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტი გახსნა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გამოავლინეს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ჩამდენი პირი - თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრები, 1999 წელს დაბადებული ე.მ.

შ სამინისტროს ცნობითვე, პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას).
| Print |
FaceBook Twitter Google