სამართალი
პირს, რომელიც "ევროპული საქართველოს" კანდიდატს დაემუქრა, 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ,"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნოდარ ეჟიშვილზე განხორციელებული მუქარისთვის ბრალდებულ ნუგზარ გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახედ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
თელავის რაიონული პროკურატურის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რის გამოც ნოდარ ეჟიშვილს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენისა და  წარმოდგენილი მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ბრალდებულს ბრალი ედება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 13 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, აღნიშნული პირი ნოდარ ეჟიშვილს პარტიის ოფისთან 8 ოქტომბერს იარაღის გამოყენებით დაემუქრა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ პირადი ჩხრეკისას, იარაღი რომლითაც ბრალდებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დაემუქრა, სათამაშო აღმოჩნდა.


| Print |
FaceBook Twitter Google