სამართალი
შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა: 1962 წელს დაბადებულმა დ. ფ.-მ, 1980 წელს დაბადებულმა ვ. ვ-მ., 1987 წელს დაბადებულმა გ. დ-მ. და 1959 წელს დაბადებულმა რ. მ-მ., დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.
განზრახვის აღსრულების მიზნით, მათ დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც აკვირდებოდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სამოქმედო სქემაც წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული.სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის მომზადების პროცესში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ. პარიკი ამოიღო.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 18-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 18-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).

| Print |
FaceBook Twitter Google