სამართალი
ოთხი გარდაცვლილი ერთ საკანში - რა შეტყობინება მიიღეს პატიმრების ოჯახებმა
4 დეკემბერს, დაახლოებით 00:00 საათზე, გურჯაანში ერთ-ერთი პატიმრის ოჯახს დაურეკეს და განუცხადეს, რომ მათი შვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი იპოვეს.
მამაკაცი, რომელიც ოჯახს ექსპერტის სახელით გაეცნო, ამბობდა, რომ მათი ოჯახის წევრთან ერთად საკანში კიდევ 3 პატიმარი დაიღუპა.

ნათესავებმა მოგვიანებით გაარკვიეს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და მათთან ცრუ შეტყობინება განხორციელდა.

-„ვინ იყო არ ვიცით, დაახლოებთ ღამის თორმეტი საათი იქნებოდა ბილაინის ქსელიდან რომ დაირეკა. მამაკაცი ამბობდა, ექსპერტი ვარ, საკნის კარი რომ გავაღეთ, ოთხი მიცვალებული დაგვხვდა, მათ შორის ვითომ ჩემი ძმაც იყო. ერთ სხვა გურჯაანელ პატიმარზეც გვითხრა, ვრეკავთ, ვერ ვუკავშირდებით მის ოჯახს, გადაეცით, რომ მათი შვილიც დაიღუპა და მიხედონ თავიანთ მიცვალებულსო. იმ ღამესვე წავედით ციხეში. აღმოჩნდა, რომ კიდევ სხვა პატიმრის ოჯახებსაც დაურეკეს. ცუდად გახდნენ, გული წაუვიდათ და წყლით ასულიერებდნენ. როგორც გაირკვა, ასეთი ინფორმაცია ყველას ერთი ნომრიდან შეატყობინეს. “- აღნიშნა speqtri.ge-სთან პატიმრის ძმამ გ.მ.-მ

ჩვენ მეორე პატიმრის დედას ი.ც.- საც ვესაუბრეთ.

-„ეს რომ გავიგეთ, ლამის გავგიჟდით ნერვიულობით, კაპლით ძლივს გვაბრუნებდნენ. სანამ ციხემდე მივიდოდა, ჩემმა პატარა ბიჭმა, გზაზე დაიტირა თავისი ძმა, მართლა გარდაცვლილი ეგონა. მთელი ღამე თეთღად გავათენეთ, გვიან გავიგეთ რომ ტყული იყო. ჩემი შვილი გუშინ დამალაპარაკეს. “

აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, მათი უწყებიდან პატიმრის ოჯახის წევრებთან არავის დაურეკავს.

speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პოლიციაში ცრუ შეტყობინების თაობაზე მათთვის ჯერჯერობით არავის მიუმართავს.

| Print |
FaceBook Twitter Google