სამართალი
95 უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 იანვრიდან დღემდე, 20 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 75 ფაქტი გამოავლინეს.


ამოღებული და დალუქულია 20 უკანონო სახერხი დანადგარი. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება.
უწყების ინფორმაციით, ასეთი საამქრო არ არის დარეგისტრირებული მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება საამქროში შესული და გადამუშავებული ხე-ტყის ელექტრონული რეგისტრაცია, აღრიცხვა და კონტროლი. ასევე, არარეგისტრირებულ საამქროში ხვდება და გადამუშავდება უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, რომელსაც არ აქვს არც წარმოშობის დამადასტურებელი და არც ტრანსპორტირებისთვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტი.

სირთულეს წარმოადგენს უკანონო სახერხი საამქროების ადგილმდებარეობის დადგენაც, ვინაიდან, როგორც წესი, ისინი მოწყობილი აქვთ საცხოვრებელ სახლებში, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულ ისეთ ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია.

სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგენილია ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მე-3 პრიმა მუხლის 3 ნაწილით (ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ, ხოლო არარეგისტრირებული სახერხი საამქროს აღმოჩენის შემთხვევაში – აგრეთვე მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის კონფისკაციით) და 128 მე-3 პრიმა მუხლის 4 ნაწილით (ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით).


| Print |
FaceBook Twitter Google