სამართალი
ადევნების ფაქტზე ერთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს პროკურატურის მიერ, ადევნების ფაქტზე მოქალაქე ზ.პ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.პ. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად როგორც პირადად, ისე მესამე პირების - მეგობრების მეშვეობით უკანონოდ უთვალთვალებდა ვ.მ.-ს, აკითხავდა როგორც სახლთან, ისე სახლში.

-"ვ.მ.-სთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ტელეფონით და სოციალური ქსელით, ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა თავისი და სხვა ადამიანების ტელეფონის ნომრებიდან, ასევე უცხო ადამიანების და ფოსტის საშუალებით უგზავნიდა საჩუქრებს, რის გამოც ზ.პ.-ს ქმედების შედეგად ვ.მ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა.

პროკურატურის ცნობითვე, ზ.პ.-ს ბრალდება 2018 წლის 29 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, ე.ი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის) წარედგინა. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 1000 ლარის ოდენობით შეუფარდა."- ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google