სამართალი
პატრულმა გამოიყენა პროპორციული ძალა - შსს თელავში დაკავებული მამაკაცის საქმეზე [Video]
თელავში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფისთვის გურჯაანის მკვიდრი 25 წლის გ.ქ. ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დაკავების ვიდეო თვითმხილველმა გაავრცელა. ვიდეომასალაში ისმის, როგორ მიმართავს დაკავებული სამართალდამცველებს შემდეგი სიტყვებით - "გავიგუდე, ყელში ნუ მიჭერ“. 

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

-"პატრულმა გამოიყენა პროპორციული ძალა აღნიშნული წინააღმდეგობის დასაძლევად, რისი უფლებაც მას კანონით აქვს მინიჭებული. პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში."

გ.ქ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

საქმეს თელავის რაიონული სასამართლო დღეს განიხილავს.


| Print |
FaceBook Twitter Google