სამართალი
იორმუღანლოს ოჯახის ექიმს თაღლითობისთვის კიდევ ერთი ადგილობრივი უჩივის
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ოჯახის ექიმს ნონა ხუციშვილს, თანხის თაღლითურად მითვისებაში კიდევ ერთი ადგილობრივი სდებს ბრალს.
როგორც speqtri.ge-ს სოფელ ლამბალოში მცხოვრებმა ოსმან მამედოვმა განუცხადა, ნონა ხუციშვილმა 2017 წელს მისი მეუღლისა და შვილის სახელზე სწრაფი სესხები (შპს „სოლვა“ – 800 ლარი, თი ბი სი ბანკი- 5167 ლარი) მოტყუებით გამოიტანა. თანხის გადაუხდელობის გამო, მის შვილს ფრანგიზ მამედოვას შპს. სოლვამ სასამართლოში უჩივლა.

იმის გამო, რომ ექიმი ვალის გასტუმრებას არ აპირებს, ოჯახმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს უკვე მიმართა.

„ჩემ მეუღლესა და შვილს უთხრა, პირადობა მომეცით, დახმარებას იძლევიან 100 ლარს წამლისთვის და თქვენც მიიღებთო. ავდექი და ნონას მივუტანე პირადობები. მერე ჩემი ცოლი და შვილი მიიყვანა ბანკში, ხელი რაღაცაზე მოაწერინეს. აბა რა ვიცი იმან რა გააკეთა, ბოლო დროს გავიგე თურმე სესხები გამოუტანია. ვეუბნები, ხომ იცი რა დღეში ვარ, სესხხი რითი უნდა დავფაროთქო, მპასუხობს, აი ორ დღეში გავისტუმრებ ვალს, აი სამშიო. ხან მეუბნება, შენი რა საქმეა, ჩემი ნებაა, დავფარავ თუ არა, შენ გაჩერდიო. სახლში მეჩხუბებიან, შენი ბრალია ყველაფერიო, მე რა ვიცოდი თუ ასე მოხდებოდა. ჩემი გოგოს სახელზე ლიბერთი ბანკიდანაც იყო გამოტანილი სწრაფი სესხი, ავდექი და ჩემი ჯიბიდან დავფარე 500 ლარი. ახლა დაახლოებით 7 000 ლარი კიდევ გასასტუმრებელია, სად მაქვს ამდენი ფული რომ ესეც მე გადავიხადო.“ - ამბობს ოსმან მამედოვი.

ჩვენ ნონა ხუციშვილს ტელეფონით დავუკავშირდით. „როცა აქ იქნებით, პირადად შევხვდეთ და დავილაპარაკოთ მაგ საკითხზე.“- გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.

ოჯახის ექიმს რომ იორმუღანლოს თემის მცხოვრებლების ნაწილი თაღლითობაში ადანაშაულებდა, speqtri.ge-მ ინფორმაცია ამის შესახებ გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა.

ამ მასალის საფუძველზე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულმა სამმართველომ საქმე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google