სამართალი
კახეთში 1 იანვრიდან დღემდე ოჯახში ძალადობის ბრალდებით 68 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავეს.
უწყების ცნობითვე, თბილისში დაკავებულ იქნა 424 პირი, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - 78, ქვემო ქართლში - 76, კახეთში - 68, შიდა ქართლში - 66, აჭარაში - 40, სამცხე-ჯავახეთში - 39, სამეგრელოში - 25, გურიაში - 25, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 14.

-"რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, ბრალდებულთა ძირითადი ნაწილი დაკავებულ იქნა ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის შესახებ შემოსული შეტყობინებებისა და სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს, რათა ასეთ ფაქტებზე რეაგირება იყოს კიდევ უფრო დროული და ეფექტიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი მუშაობის შედეგად, პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წლის პირველ სამ თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ორჯერ მეტ - 1 179 შეტყობინებაზე, რაც ადასტურებს, რომ პოლიციისადმი ნდობა გაზრდილია როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან."- აცხადებენ უწყებაში.




| Print |
FaceBook Twitter Google