სამართალი
დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვით,  თითქოსდა მისი კომპანიის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, კონცერტს  ცნობილი მუსიკოსი კრის რი გამართავდა. ბრალდებულმა, ფორმალურად გააფორმა ხელშეკრულებები ერთ - ერთ საკონცერტო დარბაზთან და ბილეთებით ონლაინ მოვაჭრე კომპანიასთან. მოქალაქეთა მოზიდვის მიზნით,  კრის რის 2017 წლის 30 დეკემბერს ვითომდა დაგეგმილი კონცერტისთვის აქტიური პიარ კამპანია ჩაატარა.. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, რეალიზებული იქნა 2 727 ბილეთი, რომელთა ჯამური ღირებულება 152 850 ლარს შეადგენს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კრის რის მსოფლიო ტურნე 2017 წლის 12 დეკემბერს, ინგლისში დასრულდა და საქართველოში კონცერტის გამართვა დაგეგმილი არ იყო.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა - მხილების მიზნით.
| Print |
FaceBook Twitter Google