სამართალი
სუს-მა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ტანრივერდი კ. და რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დმანისის რაიონში მცხოვრებმა ტანრივერდი კ-მ საქართველოს მოქალაქეს ყალბი ფულის შესყიდვა შესთავაზა. მისი განმარტებით, ყალბი ფული მას თურქეთის რესპუბლიკიდან ჰქონდა შემოტანილი. ტანრივერდი კ-მ და მისმა თანამზრახველმა, რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა-მ აღნიშნულ მოქალაქეს ორ ნაწილად გადასცეს 4000 აშშ დოლარის ოდენობით ყალბი ფული, რის სანაცვლოდაც 1400 აშშ დოლარი აიღეს. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ტანრივერდი კ. და ვილაიატ ა. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით). 


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სუს / ყალბი ფული /