სამართალი
კახეთში ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
დაკავებულები არიან - 1995 წელს დაბადებული ლ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.კ., 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1988 წელს დაბადებული ლ. მ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 ივნისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

პოლიციამ მოპარული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღები - სხვადასხვა სახის ხელსაწყოები, ნივთმტკიცებად ამოიღო.

უწყების ცნობითვე, ასევე, დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 20 ივნისს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


| Print |
FaceBook Twitter Google