სამართალი
ექვს თვეში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1328 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში გამოძიება ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე დაიწყო, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ.

უწყების ცნობითვე, ესმაჩვენებელი წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით ექვს თვეში 1328 პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 2018 წლის ექვს თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს. დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად „მიახლოების აკრძალვის“ დარღვევაში გამოიხატება.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, დასრულდა მუშაობა რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 1 სექტემბრიდან დაინერგება.

„რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის განმეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის და განმეორებითი ძალადობის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომლითაც მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის კონტროლი განხორციელდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.


| Print |
FaceBook Twitter Google