კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.თ. ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.თ.-ს თელავის
რაიონის სოფელ კურდღელაურში ძმასთან - 1968 წელს დაბადებულ ა.თ.-სთან
ურთიერთშელაპარაკება მოუხდა. მოგვიანებით, კონფლიქტი ფიზიკურ
დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მ.თ.-მ ცივი იარაღით ა.თ.-ს
სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ა.თ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული
3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები