სამართალი
სუს - მა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე სამი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები: შალვა კ, კახა ზ. და ზაქარია გ. დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, შალვა კ, კახა ზ. და ზაქარია გ. წინასწარი შეთანხმებით, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში მოქალაქეებს არაკანონიერ დახმარებას უწევდნენ. კერძოდ, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდაზე გამსვლელ პირებს გადასცემდნენ სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას: მიკროკამერას და მიკროყურსასმენს, რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პორტატული კომპიუტერის მეშვეობით ვიდეო- და ხმოვან სიგნალს იღებდნენ.

აღნიშნული გზით ბრალდებულები ვიზუალურად ხედავდნენ საგამოცდო ბილეთებს და მოსასმენი აპარატურის მეშვეობით მართვის მოწმობის აღების მსურველ მოქალაქეებს პასუხების სწორ ვარიანტებს კარნახობდნენ. არაკანონიერი დახმარების სანაცვლოდ აღნიშნული პირები მოქალაქეებისგან სხვადასხვა ოდენობით ფულად თანხებს იღებდნენ. გამოძიების მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 800 აშშ დოლარი და 1976 ლარი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით).

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სუსი /